არასამთავრობო ორგანიზაციები უკანონოდ მიიჩნევენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "აირჩიე ევროპას" დირექტორები "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად" ცხადდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამგვარი პრაქტიკა შეიძლება, იყოს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი.
"სამართლიანი არჩევნების" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო გაუმართლებლად ფართოდ განმარტავს კანონს და აჩენს სახელმწიფო უწყების მხრიდან მანდატის თვითნებურად გამოყენების საფრთხეს.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ "ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს განეკუთვნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. ისინი მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი მანდატის ფარგლებში.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კი, პარტიისთვის დადგენილი გარკვეული შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს.
განცხადებული საარჩევნო მიზანი კი, ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ."
გამომდინარე იქიდან, რომ არც ეკა გიგაურს და არც ხათუნა ლაგაზიძეს არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ამ დრომდე არ დაუფიქსირებიათ, საია და "სამართლიანი არჩევნები" თვლიან, რომ ისინი არ შეესაბამებიან "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის" კანონით განსაზღვრულ დეფინიციას.
ორგანიზაციები საყურადღებოდ მიიჩნევენ იმ გარემოებსაც, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მისიის ორგანიზებას გეგმავს.
"ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შესაძლოა, აღქმულ იქნას არჩევნებზე დაკვირვების პროცესის შეფერხებად. სახელმწიფო უწყების მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მისი მანდატის თვითნებურ გამოყენებას და აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის მნიშვნელოვნად შემცირების დიდ რისკს," - წერენ ორგანიზაციები.
ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება კოალიცია "ჩემი ხმა ევროკავშირს" და ის ბიუროს გადაწყვეტილებას ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს.
„ბიუროს გადაწყვეტილება პოლიტიკურ აქტორად აცხადებს ყველას, ვინც საზოგადოებრივ პრობლემებსა და მოქალაქეების საჭიროებებზე საუბრობს. ამ გადაწყვეტილებით, ბიურომ საკუთარ თავს მიანიჭა უფლებამოსილება, დაუწესოს ცენზურა და დაიწყოს ფინანსური მონიტორინგი ნებისმიერ პირზე, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ ჩვენი გზა მხოლოდ ევროკავშირისკენ მიდის. მეტიც, ამ განმარტებით პოლიტიკურ საქმიანობად ითვლება ყველა ის მიზანი, რასაც არასამთავრობოები ემსახურებიან - იქნება ეს ქალთა, ბავშვთა, შშმ პირების ინტერესების დაცვა თუ ეკოლოგიაზე ზრუნვა. ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც კონსტიტუციური მიზანი აქვს, ბიურო პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევს და მათზე თავდასხმას გეგმავს," - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადების საფუძველი გახდა მათი შეხვედრები მოქალაქეებთან და საინფორმაციო კამპანიები, რომლებზეც ისინი მოქალაქეებს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ. ანტიკორუფციული ბიუროს შეფასებით, ეს ორანიზაციები ხელისუფლების საწინააღმდეგო და მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "აირჩიე ევროპას" დირექტორებმა ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე "გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის." იმ შემთხვევაში, თუკი ეკა გიგაური და ხათუნა ლაგაზიძე ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ბიუროს კანონმდებლობა აძლევს საშუალებას, მათ შესახებ სასურველი ინფორმაცია სასამართლო განჩინების საფუძველზე მიიღოს ბანკებიდან.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) განცხადებაშია ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას. მათი თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს.